მეთოდოლოგია

 

სახელმწიფო დანახარჯების რუკა

როცა სახელმწიფო დანახარჯების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ, პოლიტიკოსები საუბრობენ და განკარგავენ ასეულობით მილიონ ლარს. ძალიან ცოტა ჩვენგანია ისეთი იღბლიანი, ვისაც პერსონალური დანახარჯებიც ამ მასშტაბის აქვს.  ჩვენთვის ძნელია იმის წარმოდგენაც კი, თუ როგორ უნდა დავხარჯოთ მილიონები და მილიარდები. ამიტომ, საბიუჯეტო თანხებზე საუბრისას, მხედველობიდან გვრჩება და ვეღარ ვაცნობიერებთ, რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს.  

საქართველოს სახელმწიფო დანახარჯების რუკა გრაფიკულად წარმოგვიდგენს ყველა იმ სახელმწიფო დანახარჯს, რომელიც ფინანსდება გადასახადებითა და სხვა კონტრიბუციით. ეს რუკა კარგი საშუალებაა იმისთვის, რათა დაინახო ფინანსების ნაკადები  და ურთიერთმიმართება როგორც საზოგადოებასა და სახელმწიფო სტრუქტურებს და ნაერთ ბიუჯეტს, ისე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. თითოეული სფეროს მსგავსი ხარჯების მაჩვენებელი წარმოდგენილია წრეების ფორმით, რათა უკეთესად აღსაქმელი იყოს, თუ რაში გადაწყვიტეს ჩვენი ფულის დახარჯვა პოლიტიკოსებმა.  პროცენტი მიუთითებს, თუ როგორ შეიცვალა ესა თუ ის ხარჯი წლევანდელ ბიუჯეტში, გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით. 

რუკაზე ასახულია ოთხი წრე ერთი არის ნაერთი ბიუჯეტი, რომელიც შედგება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისგან, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტისა და თვითმმართველობების ბიუჯეტებისგან; მეორე სახელმწიფო ბიუჯეტი ,  რომელიც ნაერთი ბიუჯეტის 90% -ს შეადგენს;  შემოსულობები  - მიღებული ჯამური შემოსავალი, რომელიც შედგება საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლებისგან, პრივატიზაციისგან მიღებული, სესხის ან სხვა შემოსავლისგან.   სახელმწიფო ვალი - აჩვენებს საქართველოს სახელმწიფოს ჯამურ სახელმწიფო ვალს, ისევე, როგორც ვალის ზრდის (ან შემცირების) მაჩვენებელს. 

 

იყიდე შენი სახელმწიფო

ეს ვირტუალური მაღაზია იძლევა საშუალებას დაინახო, თუ რას აკეთებს სახელმწიფო შენთვის და რა ღირს, რეალურად, მის მიერ გაწეული სხვადასხვა მომსახურება. ამ წარმოსახვით მაღაზიაში შესვლით გეძლევა უნიკალური შესაძლებლობა - ცხოვრებაში პირველად, და შესაძლოა უკანასკნელადაც, აირჩიო სერვისები და მომსახურება, რომელიც შენ „შენი“ სახელმწიფოსგან გჭირდება და ისეთებიც გამოყო, რისთვისაც ერთი თეთრის გადახდაც კი არ გსურს. ამ არჩევანის გაკეთების შემდეგ, საიტი სახელმწიფოს ფასს დაგითვლის შენი სურვლების შესაბამისად; და შენ აღმოაჩენ, რამდენად ძვირია ან იაფი ის მომსახურებები, რასაც შენ სახელმწიფოსგან ელოდები.

 

ბიუჯეტის სერვისებიდან შეგიძლია ისეთი სფეროების დაფინანსება აირჩიო, როგორიცაა: განათლება, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვა, თავდაცვა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო თუ ა.შ. ყველა სახელმწიფო სერვისის დაფარვის მცდელობას, შესაძლოა, გაერთულებინა ამოცანა და დამაბნეველი ყოფილიყო. შენ შეგიძლია აირჩიო დანახარჯების მოცულობა არებული ნიშნულიდან ისრის გადადგილებით 0-დან 200 პროცენტამდე. 200 % ნიშნავს, რომ, შენი აზრით, სახელმწიფომ უნდა გააორმაგოს არჩეული სფეროს დაფინანსება; 100% _ დანახარჯები დღეს ბიუჯეტში არსებული ოდენობით უნდა დარჩეს; 50 % _ დღევანდელი დანახარჯები უნდა განახევრდეს; 0 % კი ნიშავს, რომ შენ ამ ხარჯის დაფინანსება საერთოდ არასწორად მიგაჩნია და სახელმწიფომ მასზე თანხა არ უნდა გამოყოს. 

მას შემდეგ, რაც დააჭერ სიტყვას „იყიდე“, შენ აღმოაჩენ, რა ღირს „შენი“ სახელმწიფო, რა თანხა დაუზოგე თითოეულ დასაქმებულს ან მოქალაქეს წელიწადში, ან რამდენად დაუმძიმე ტვირთი. 

 

რამდენს იხდი შენ 

კალკულატორი დაგეხმარება დაითვალო, თუ რა თანხას იხდი შენ სახელწიფო სერვისებისთვის. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიხდით გადასახადს, როცა ხელფასს ვიღებთ და დამქირავებელი  საშემოსავლო გადასახადს გვიქვითავს; ან როცა ბიზნესი გვაქვს. სინამდვილეში ყოველთვის, როცა, მაგალითად, სააქციზო საქონელს მოვიხმართ (ლუდი, ალკოჰოლი, ღვინო, სიგარეტი), ფასის გადახდის დროს მასზე დარიცხული აქციზსაც ვიხდით ; ნებისმიერი პროდქტის შეძენის დროს დღგ-ს გადამხდელები ჩვენ ვართ, და არა ვიღაც ბიზნესმენი; საბანკო პროცენტის აღების დროს ან ბინის ქირაობის დროსაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს ბიუჯეტის შევსებაში. სწორედ ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებისგან შედგება სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის თანხებსაც, შემდეგ, პოლიტიკოსები თავისი მოსაზრებების შესაბამისად ხარჯავენ. 

 

კალკულატორი „რამდენს იხდი შენ“ დაგეხმარებათ იმ სახელმწიფო წნეხის განსაზღვრაში, რომელიც შენ, ჩვეულებრივ მოქალაქეს გაწევს.   ამისათვის კალკულატორში უნდა შეავსო შენი ყოველთვიური - დარიცხვით მიღებული ხელფასისა და ყოველთვიური ჯამური დანახარების გრაფა; ასევე - რა თანხას იხდი ბინის ქირაში და/ან კრედიტის პროცენტში; რამდენს ეწევი; რამდენ ლუდს, ღვინოს, ძლიერ ალკოჰოლს მიირთმევ კვირაში; ამ მონაცემების შევსების შემდეგ, კალკულატორი შენ ტვირთს და წვლილს დაგიანგარიშებს მიმდინარე წლის ბიუჯეტში. კალკულატორი იმასაც დაგითვლით, დღეში ნამუშევარი 8 საათიდან რამდენს მუშაობ შენი საკუთარი თვისთვის და რამდენს სახელმწიფოსთვის - გადასახადების დასაფარად, საშემოსავლო, აქციზის გადასახადისა თუ დღგ-ს დასაფარად.

 

 

სახელმწიფო სერვისების (მომსახურების) ჩეკი 

 

სალაროს ჩეკი არის მარტივი ინსტრუმენტი ჩვეულებრივი ადამიანისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად  და იმის ასახსნელად, თუ  სად და რაში იხარჯება მის მიერ გადახდილი გადასახადები და რა წვლილი შეაქვს მას, როგორც ქვეყნის ერთ მოქალაქეს და გადამხდელს, სახელმწიფო სერვისების დაფინანსებაში. ჩეკი გვიჩვენებს სახელმწიფოს მიერ მოწოდებული მომსახურებების ერთეულის ფასს.  ასევე ის გვაძლევს საშუალებას ერთ სულზე დავთვალოთ სახელმწიფო საგარეო თუ საშინაო ვალის მომსახურების ფასი;  ერთ სულზე კალკულაციის ეს მეთოდი, ცხადია, ძირითადად სახელმწიფო სერვისებისა და მომსახურებების  ილუსტრირებას ემსახურება; თუმცა, მეორეს მხრივ, ეს მეთოდი იძლევა საშუალებას, რომ თითოეულმა  ადამიანმა თავად დათვალოს, რა მოცულობით გაიაზრდება მისი საგადასახადო ტვირთი, რათა სახელმწიფომ მაგალითად პენსიები გაზარდოს 10 პროცენტით; ან ჯანდაცვის თუ განათლების დაფინანსება გააორმაგოს და ა.შ. 

ინფორმაცია დამუშავებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ინფორმაციის დამუშავებისას გამოყინებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბიუჯეტო რეგულაციები და აღრიცხვის მეთოდოლოგია.